გედების ტბა


"გედების ტბა”
გედების ტბა არის ბალეტი, რომელიც დაწერილ იქნა რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის მიერ 1875-1876 წლებში. სცენარი ეკუთვნის ვლადიმერ ბეგიჩევს და ვასილი გელტსერს. პიესა დაფუძნებულია ძველ გერმანულ ლეგენდაზე, რომელიც მოგვითხრობს პრინცესა ოდეტზე, რომელიც ბოროტი ჯადოქრის წყევლის შედეგად გედად გადაიქცა. ორიგინალური პროდუქციის ქორეოგრაფი იყო ჯულიუს რეისინგერი. ბალეტის პრემიერა 1877 წლის 20 თებერვალს შედგა მოსკოვის დიდ თეატრში. ბალერინა თეთრ “პაჭკაში”, გედის ფრთის მსგავსად ზევით აწეული ხელით, რომლის ქვემოდანაც შემკრთალი თვალებით იცქირება – ეს სურათი წამიერად გვახსენებს “გედების ტბას”, ბალეტების ბალეტს, როგორც მას ხშირად ეძახიან. გედის ბალეტის ისტორიაში ყველაზე უფრო გავრცელებულ სიმბოლოდ გახდომას რამდენიმე მიზეზი აქვს, რასაც, უპირველესად, ბალერინა-გედის მომაჯადოებელი მოძრაობა განაპირობებს – ხელების გრაციოზული მიმოხვრა, ზოგჯერ მძაფრი და მღელვარე, ხან აღფრთოვანების, ხან კი მწუხარების გამომხატველი. და არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი – პეტრე ჩაიკოვსკის გენიალური მუსიკა, რომელიც აჯადოებს მაყურებელს მისი ყოვლისმომცველი პოეზიით, რომლის გარეშეც ბალერინა – გედის სახე უფერული იქნებოდა. მაგრამ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ იქნა ეს მუსიკა შეფასებული თავდაპირველად, როცა ბალეტი მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე დაიდგა. 1877 წლის 20 თებერვლის მოსკოვურ პრემიერას წარმატება არ მოჰყოლია (ოდეტა-ოდილიას პარტიას პ. კარპაკოვა ცეკვავდა, ზიგფრიდს კი ა. გელცერი). დამდგმელმა ქორეოგრაფმა ი. რეიზენგერმა სათანადოდ ვერ გაიაზრა ჩაიკოვსკის გენიალური პარტიტურა. მაყურებლის კრიტიკის მიუხედავად, თებერვლის იმ საღამოს, ბალეტის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო – საბალეტო ჟანრმა მუსიკალურ ხელოვნებაში ისეთივე ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ოპერამ და სიმფონიურმა მუსიკამ. დიდ თეატრში, რამდენიმე უღიმღამო წარმოდგენის შემდეგ, ბალეტი მოიხსნა რეპერტუარიდან და მხოლოდ 1895 წლის 15 იანვარს, პეტერბურგში, მარიას თეატრის სცენაზე აღორძინდა მარიუს პეტიპასა და ლევ ივანოვის გენიალური ქორეოგრაფიით. თუმცა ლევ ივანოვის „თეთრი გედების“ გენიალურმა სცენებმა პრემიერამდე იხილეს დღის სინათლე ჩაიკოვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე. ბალეტში პირველი და მესამე მოქმედება პეტიპას ეკუთვნოდა, მეორე და მეოთხე კი – ივანოვს. მთავარ პარტიებს პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. სწორედ ეს დადგმა დაედო საფუძვლად „გედების ტბის“ ყველა შემდგომ ვერსიას. აქედანაა ცნობილი ივანოვის თეთრი გედის ვარიაციები და პეტიპას ცნობილი შავი პა დე დე. მთავარ პარტიებს პეტერბურგულ სპექტაკლში პ. ლენიანი და პ. გერდტი ცეკვავდნენ. ოდეტა – ოდილიას პარტიის პირველი შემსრულებელი იტალიელი ბალერინა პერინა ლენიანი ვირტუოზულ მოცეკვავედ იქნა მიჩნეული. სწორედ მან შეასრულა სცენაზე პირველად ცნობილი 32 ფუეტე, რომელსაც დღესაც აღფთოვანებაში მოჰყავს მაყურებელი.

No comments:

Post a Comment